პატრიარქმა საქველმოქმედო ფონდ

პატრიარქმა საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" ხვალინდელი კონცერტის მონაწილე მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" ხვალინდელი კონცერტის მონაწილე მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა.

როგორც პატრიარქმა შეხვედრისას ბრძანა, ის გახარებულია მათთან შეხვედრით. უწმინდესმა კონცერტის მონაწილეები დალოცა.

საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლის, ნინო სურგულაძის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქის კურთხევა.

"მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვიდნენ ხვალინდელ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის. ისინი დაეხმარებიან ჩვენს ბავშვებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენგან კურთხევა და ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო", - უთხრა სურგულაძემ პატრიარქს.

შეხვედრაზე ცნობილმა მუსიკოსებმა შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი ნაწარმოებები. ასევე, შეხვედრაზე მოუსმინეს პატრიარქის საგალობლებსაც.

ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების მონაწილეობით, ხვალ, 22:00 საათზე რუსთაველის თეატრში გაიმართება.