ფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოეს

ფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოეს

ფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

საუკეთესო სპორსტმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდნენ. 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ფალავანი ნიკო კუცია დასახელდა. მან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. იგი წლის საუკეთესო სპორტსმენად უკვე მეცხრედ დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ტუღუშმა გაიმარჯვა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ფოთის მერი ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საუკეთესო სპორტსმენებს დიპლომები გადაეცათ. ქალაქის სპორტის სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯა.

დღესვე ფოთში საუკეთესო სპორტსმენები ჭადრაკისა და შაშის სკოლამ გამოავლინა. წლის საუკეთესო მოჭადრაკე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადის მეორე და მესამე ადგილის მფლობელი, სომხეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, 16 წლის ნიკა ღვამბერია გახდა.