ქაბულში ავღანეთში სამხედრო ოპერაციის ოფიციალური დასრულება აღნიშნეს

ქაბულში ავღანეთში სამხედრო ოპერაციის ოფიციალური დასრულება აღნიშნეს

ქაბულში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ ავღანეთში 13-წლიანი სამხედრო ოპერაციის ოფიციალური დასრულება აღნიშნეს. 13-წლიანი ოპერაციის მიზანი "თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მისიის დასრულების შესახებ გამართული ოფიციალური ცერემონიის ზუსტი ადგილი, დრო და მონაწილეების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ გახმაურებულა.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ავღანეთში ახალი მისია ამოქმედდება, რომელიც არასაბრძოლოა და ავღანეთის სამხედრო ძალებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ახალ, მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საქართველომ.

ავღანეთში, ახალ მისიაში ქართული კონტინგენტის გაგზავნაზე თანხმობის მიღების მიზნით საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე მიმართა და პარლამენტმა პრეზიდენტს თანხმობა იმავე დღეს მისცა.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, აშშ-ს კონტინგენტის დაქვემდებარებაში - საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ბატალიონი, გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში - ერთი ქვეითი ასეული, ხოლო თურქეთის დაქვემდებარებაში ორი სამხედრო მოსამსახურე იქნება.

ახალ მისიაში მონაწილეობას ნატო-ს წევრი 26 ქვეყანა და 14 პარტნიორი ქვეყანა მიიღებს, რომელთაგან საქართველო არაწევრ ქვეყნებს შორის ისევ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.