საბერძნეთის კუნძულთან ცეცხლმოკიდებულმა ბორანმა მართვა დაკარგა

საბერძნეთის კუნძულთან ცეცხლმოკიდებულმა ბორანმა მართვა დაკარგა

საბერძნეთში, კუნძულ კერკირასთან, იონის ზღვაში მყოფმა ცეცხლმოკიდებულმა ბორანმა Norman Atlantic მართვა დაკარგა. როგორც უცხოური მედია წერს, ტალღებმა გემი ალბანეთის სანაპიროსკენ წაიღო. "ბორანი მართვის გარეშე ალბანეთის სანაპიროსკენ მიემართება. ცეცხლი ლიკვიდირებული არ არის, მაგრამ ლოკალიზებულია", - იუწყება ტელეკომპანია შკაი.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საბერძნეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი, ასევე, 11 ვერტმფრენი.

გემზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა. აღნიშნულ ბორანს მგზავრების გადაყვანის გარდა ავტომობილებიც გადაჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სწორედ ავტომანქანქებთან გაჩნდა.

Norman Atlantic იტალიის დროშის ქვეშ მცურავი ბორანია. ის საბერძნეთის იღუმენიცას პორტიდან გამოვიდა და იტალიის ქალაქ ანკონას პორტისკენ მიემართებოდა. ბორტზე 478 ადამიანი იმყოფება, აქედან 278 ბერძენია და დანარჩენი იტალიელი.