მალაიზიური ავიაკომპანია Air Asia –ის ბორტზე მყოფების ახლობლები სურაბაის აეროპორტში იკრიბებიან

მალაიზიური ავიაკომპანია Air Asia –ის ბორტზე მყოფების ახლობლები სურაბაის აეროპორტში იკრიბებიან

მალაიზიური ავიაკომპანია Air Asia –ის ბორტზე მყოფების ახლობლები სურაბაის აეროპორტში იკრიბებიან. როგორც უცხოურ მედია წერს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს თვითმფრინავში მყოფების გადარჩენის იმედი კიდევ აქვთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 23-მა ადამიანმა, რომლებიც აღნიშნულ რეისს უნდა გაჰყოლოდნენ, აეროპორტში მისვლა დააგვიანეს. მათ შორის 4 ბავშვი, 11 მამაკაცი და 8 ქალია. 

ავიაექსპერტის, ემბრი-რიდლ ულიამ უოლდოკის განცხადებით, თვითმფრინავის პილოტებმა მარშრუტის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მის გაოცებას იწვევს ის, რომ ამინდი არ იყო ისეთი, რომ პილოტებს კურსის შეცვლა მოეთხოვათ. 

ინდონეზიის ხელისუფლებამ ავიაკომპანია Air Asia–ის დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 6 გემი უკვე გააგზავნა. ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები ინდონეზიის კუნძულებისკენ: ბანგკა და ბელიტუნგი გაემგზავრნენ, სადაც სავარაუდოდ დაიკარგა რადარებიდან ავიალაინერი. 

"ჩვენ ჯერ ამ ტერიტორიებს შევამოწმებთ, ხოლო როდესაც ობიექტს აღმოვაჩენთ, დავუკავშირდებით სამძებრო-სამაშველო სამსახურს. ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა ამ ტერიტორიებზე, ოკეანეში იყოს ჩავარდნილი", - განაცხადა ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, ჰადი ტჯადჯანტომ.

ინდონეზიას სამძებრო სამუშაოებში დახმარება სინგაპურის, მალაიზიისა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა შესთავაზეს. 

მალაიზიური ავიაკომპანია "ეარ აზიას" თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 155 მგზავრია, ხოლო შვიდი - თვითმფრინავის ეკიპაჟი. მგზავრებს შორის 16 ბავშვია, მათ შორის ერთი ჩვილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა.

მგზავრებს შორის სამი სამხრეთ კორეელია, ერთ ბრიტანეთის მოქალაქე, ერთი მალაზიაში და ერთი სინგაპურში მცხოვრები, დანარჩენები კი ინდონეზიის მოქალაქეები არიან. 

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა, თითქოს ლაინერმა კატასტროფა განიცადა. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერაფერს იტყვიან იმის გარდა, რომ თვითმფრინავის ბორტთან კავშირი დაკარგულია.