ახალი წლიდან რუსეთში შესაძლოა ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს

ახალი წლიდან რუსეთში შესაძლოა ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს

ახალი წლიდან რუსეთში შესაძლოა ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს. როგორც bpn-ი გაზეთ "რეზონანსზე" დაყრდნობით წერს , ჩრდილოეთის ბაზარზე ვეღარ შევა ვერც ნედლი და ვერც გამომშრალი პროდუქცია. 

რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა პუტინმა ხელი ჯერ კიდევ აგვისტოში მოაწერა და ამის მიზეზად საკარანტინო პირობები დაასახელა. მოსკოვის მორიგ "ემბარგოსთან" დაკავშირებით ოფიციალური თბილისის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია. 

2015 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შევა, რომლის ძირითად კარანტინს დაექვემდებარება ხილი, ბოსტნეული (როგორც ნედლი, ისე გამხმარი ან ჩირის სახით), მწვანილი, სუნელები, თხილი, ჩაი და სხვა მსგავსი პროდუქცია, მათ შორის ყვავილები. ჩამოთვლილი სახეობების შეტანა ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნიდან აიკრძალება, მათ შორის, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. 

ცნობილია ის, რომ ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ევრაზიული საბაჟო კავშირის ქვეყნებზე - სომხეთზე, ყაზახეთზე და ბელორუსზე. სამივე ქვეყნიდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება. მათ მხოლოდ სპეციალური სერთიფიკატის წარდგენა მოუწევთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სამი და კიდევ სხვა ქვეყნებიდან ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის შეტანა თითო ადამიანს 5 კილოგრამით განესაზღვრება. დიდი ოდენობით ხილის, ბოსტნეულის, ან მწვანილის შეტანის მსურველს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი და ნებართვა "როსსელხოზნადზორიდან".

რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა 2006 წელს აკრძალა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ეტაპობრივად განახლდა. ჩრდილოეთის ბაზარზე ჯერ ღვინო და მინერალური წყლები დაბრუნდა, შემდგომ კი დაბალი საკარანტინო რისკის პროდუქცია შევიდა, როგორიცაა ჩაი, თხილი, დაფნის ფოთოლი, ჩირი. უკვე 2014 წლის მაისიდან რუსულ ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი დაიწყო.