"პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ"

კომპანია "ჯეპრას" უფროსი სპეციალისტი რუსეთთან მიმართებაში პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს აფასებს და საქართველოს ყოფილი ლიდერების მიერ წარსულ გამოსვლებს იხსენებს.

გალუმაშვილის განმარტებით, რიტორიკის დათბობა და განცხადებების შერბილება რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრის მზადებაზე მიუთითებს. "ჯეპრას" უფროსი სპეციალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძველ ინტერვიუსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც სააკაშვილს პუტინის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მისი რიტორიკა სხვაგვარი იყო.

"საქართველოს ისტორიის უახლესი წარსულიდან ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ასეთი განცხადებები და პოზიციები, როდესაც ჩვენი ქვეყნის ლიდერები ცვლიან ქმედებებს და საუბარს, მანერას, ტონალობას. ეს მიღებული და აპრობირებული ტექნოლოგიაა. მაგალითად იგივე პუტინთან და რუსეთთან მიმართებაში მახსენდება ბიძინა ივანიშვილის, ედუარდ შევარდნაძის, ზვიად გამსახურდიას და რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები. ძალიან საინტერესოა თუ ამ განცხადებებს ისტორიულ კონტექსტში განვიხილავთ. სააკაშვილის რამდენიმე ინტერვიუს გავიხსენებ, სადაც ის ძალიან საინტერესო ფრაზებს ამბობს. მაგალითად გაზეთ "იზვესტიაში" აცხადებს, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს. ეს ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილი ახალი შეხვედრილია პუტინთან და ემზადება, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ან არ შეუშლის ხელს აჭარაში ვითარების დალაგებაში. "პუტინს აქვს პატიოსანი ადამიანის თვალები", "პუტინი არის სიტყვის კაცი", მას სჯერა პუტინის. ყველაზე საინტერესოა ის, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობამ არ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი პუტინს ყოველ კვირა ელაპარაკებოდა ტელეფონით და ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩვენს გეგმებზე რუსეთს ყველაფერი წინასწარ ეცოდინება და იმისთვის, რომ პუტინთან კიდევ უფრო არ დაძაბოს სიტუაცია აცხადებს, რომ 9 აპრილის ამბები ქართველმა ერმა დაივიწყა და ჩვენ ნათლად გავაცნობიერეთ, რომ ეს არ იყო რუსეთის არმია, ეს იყო სისხლიანი საბჭოთა არმია და ჩვენ ვისწავლეთ რუსული და საბჭოთა არმიების გარჩევაო. ასეთ განცხადებებს რასაკვირველია, შიდა საზოგადოებაში შეიძლება მოჰყვეს აღშფოთება, ძალიან დიდი გაღიზიანება, მაგრამ უნდა აღმოვაჩინოთ რისთვის კეთდება ეს", - განაცხადა გალუმაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს, "ჯეპრას" უფროსი სპეციალისტის განმარტებით, ეს პოლიტიკური ტექნოლოგიების და პიარის ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე საზოგადოებაზეა მიმართული, ადრესატი კი ამ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება იყო.

"რასაკვირველია, ჩვეულებრივი ადამიანისთვის მარტივი სათქმელია, რომ პუტინი მტერია, ან რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ გივინდა. მაგრამ ის პასუხისმგებლობა, რასაც პასუხისმგებლიანი ლიდერი აცნობიერებს, განსხავავებულია ჩვეულებრივი მოქალაქისგან. ბოლო 6 თვის განმავლობაში რიტორიკის ცვლილება იმაზე მეტყველებს პრინციპში, რომ რაღაც გარკვეული კულუარული შეხვედრები მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ ამ შეხვედრის მოწყობაა. თუ ამ კონტექსტში განვიხილავ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ინფორმაციას და რიტორიკას, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს შეხვედრა ალბათ, ძალიან მალე გაიმართება, რადგან ღარიბაშვილის საუბარში რუსეთის მიმართ შეფასებები რა თქმა უნდა, ძალიან შერბილებულია. თუ ამ ყველაფერს სხვადასხვა სახელმწიფოების და ლიდერების ურთიერთობის კონტექსტში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ სწორედ ასეთი გარკვეული დათბობა ხდება ხოლმე სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერების გამონათქვამებში. ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის და პიარის ნაწილია, რომელიც არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარე საზოგადოებაზეცაა მიმართული", - განაცხადა გალუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"შევარდნაძე პუტინს ყოველთვის ატყუებდა და ამიტომაა ის ასეთი ეჭვიანი. პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა. მას პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი გააკეთა, რასაც შემპირდა. ამიტომ მე თავს რუსეთში უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვა ქვეყნებში! პუტინი უფრო პრაგმატულია, აზროვნების სტილით  უფრო თანამედროვეა, ვიდრე ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი. მას კარგად ესმის, რომ საქართველოსთან ძველებურად საქმეების მართვა აღარ შეუძლება. ახლა მთავარია, რომ ჩვენ რუსეთისგან არანაირ სიურპრიზს არ ველოდებით. პუტინთან ტელეფონით ყოველ კვირა ვსaუბრობთ. ახლა ჩვენს ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯზე რუსეთს წინასწარ ეცოდინება", - განაცხადა "იზვესტიასთვის" 2004 წელს მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა.