ისეთი ლაჩარი არ უნდა აღმოჩნდე, რომ ბრძოლაში დაცემულ მებრძოლს ფულზე გაყიდული ეძახო

ისეთი ლაჩარი არ უნდა აღმოჩნდე, რომ ბრძოლაში დაცემულ მებრძოლს ფულზე გაყიდული ეძახო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ მტერს თავის სახელს ვერ უწოდებ, ისეთი ლაჩარი და უსინდისო მაინც არ უნდა აღმოჩნდე, რომ საქართველოს ოკუპანტთან ბრძოლაში დაცემულ მებრძოლს არ გაემიჯნო და ფულზე გაყიდული პროვოკატორი არ ეძახო.

"უკრაინელები, რომლებიც იბრძოდნენ და სიცოცხლეს წირავდნენ საქართველოს მხარეს აფხაზეთში ამბობდნენ, თუ არ გავაჩერებთ მტერს გუმისთაზე, მათი გაჩერება მოგვიხდება დნიპროზე. ალეკო გრიგოლაშვილი, დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მის პირად "ფეისბუქის" გვერდზე წერდა - თუ რუსეთს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ჩვენი მთავრობა საქართველოს ლანგარზე მიართმევს რუსეთსო. ალეკო მისი სამშობლოს საქმეს აკეთებდა სიცოცხლეში და გააკეთა თავის სიცოცხლის ფასად, ის ვინც, თავისი თბილი კაბინეტებიდან მას ანგარებაში ადანაშაულებს და რუსეთთან ბრძოლაში დაცემულების გვერდით დაკრძალვაზე უარს უცხადებს, ცალსახად, მტრის საქმეს აკეთებს. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?!

თუ მტერს თავის სახელს ვერ უწოდებ, ისეთი ლაჩარი და უსინდისო მაინც არ უნდა აღმოჩნდე, რომ შენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს ოკუპანტთან ბრძოლაში დაცემულ მებრძოლ შენს თანამემამულეს არ გაემიჯნო და ფულზე გაყიდული პროვოკატორი არ ეძახო. ალეკოს მაღალი ხელფასი ჰქონდა საქართველოში, თუმცა თავისი ნებით მიატოვა სამსახური და მისივე დანაზოგით იბრძოდა დონბასში. მის შვილებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება ამაყობდნენ მამით", -წერს მიხეილ სააკაშვილი "ფესბუქის" გვერდზე.