ზურაბ ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც კი შეიძლება უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე დაემართოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, შესაძლოა, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნოს.
ხიდაშელის განმარტებით, ზურაბ ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში დაკავებული იყო სახელმწიფო რეკეტით.
"ალბათ, ეს იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც კი შეიძლება უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე დაემართოს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილია. ზურაბ ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში დაკავებული იყო სახელმწიფო რეკეტით. ის იყო ადამიანების წამების ერთ-ერთი ორგანიზატორი, კმაყოფილი და ბედნიერი იმ ძალადობრივი სისტემით, რომელიც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში იქმნებოდა და რაც შემდეგ მისი მთავარი პროკურორობის დროს საბოლოოდ გამყარდა, განმტკიცდა და მისი კაბინეტიდან იმართებოდა," – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, "ეს არ არის ალექსანდრე კვიტაშვილის შემთხვევა, რომელიც შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონს".