პროკურატურის რეფორმირების საკითხზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პროკურატურის რეფორმირების საკითხზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პროკურატურის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ათი დღის ვადაში დაიდება სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტები, რომლის მიხედვითაც საბჭო პროკურატურის რეფორმირების პროცესში სხვადასხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

"დღეს ჩვენ წარმომადგენლობითი სხდომა ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, პროკურატურის ინსტიტუტის რეფორმირებისას არ განიხილება ის საკითხი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას დაუბრუნდეს საპროკურორო უფლებამოსილება, თუკი იმ გარდამავალ მოდელში, რომელიც 2013 წლის მაისში შემოვიტანეთ, არის რაიმე პოზიტიური, არის სწორედ ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს აღარ აქვს საპროკურორო უფლებამოსილება და ეს ასეც უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ მოდელს აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი, სწორედ ამ ხარვეზების დეტალური განხილვა გვქონდა. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ დამოუკიდებლობა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ პროკურორი და პროკურატურის ორგანოები, ანგარიშვალდებულნი არ უნდა იყვნენ კონსტიტუციის ფარგლებში შესაბამისი ხელისუფლების შტოების წინაშე, რომ ასეთად უნდა დარჩეს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი, ეს, რა თქმა უნდა, ასე ვერ დარჩება – ეს არის ხარვეზები, რაც შესაცვლელია. დღეს ასევე ვისაუბრეთ პროკურორის დისციპლინური დევნის თემაზე, თუ ვინ უნდა მისცეს პროკურორი და მთავარი პროკურორი, თუ ამის საჭიროება გახდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს არის ხარვეზიანი საკითხი, რომელსაც ასევე სჭირდება გამოსწორება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება რამდენიმე ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა საკითხზე იმუშავებს. ასევე იუსტიციის სამინისტროში შექმნილი სამდივნო ამუშავდება მთელი ძალით და ათი დღის ვადაში დაიდება სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტები, რომლის მიხედვითაც საბჭო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, თუ სად არის პროკურატურის ორგანოების ადგილი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შედგება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე კანონპროექტის შემუშავებაზე იმუშავებს.

"ვადები ასე დავადგინეთ: მარტის პირველი კვირისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული დახვეწილი კონცეფცია, ხოლო აპრილი-მაისისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. ჯგუფებში სამუშაოდ მოვიწვევთ აკადემიური წრეებისა და წარმომადგენლებს პრეზიდენტის აპარატიდან", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.