კახა კახიშვილის აზრით, პროკურატურის დამოუკიდებლობა კონსტიტუციურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი

კახა კახიშვილის აზრით, პროკურატურის დამოუკიდებლობა კონსტიტუციურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის აზრით, პროკურატურის რეფორმირების ფარგლებში უწყების დამოუკიდებლობა კონსტიტუციურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ კახიშვილმა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც სასტუმარო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, თუ პროკურატურას დამოუკიდებლობისთვის კონსტიტუციური გარანტიები არ ექნება, ყველა სახის კანონმდებლობას მარტივად შეცვლის ყველა უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში შევა.

"ჩემი აზრით, კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ისეთი სახის ცვლილებები, რომლებიც იმდენად ღრმა დამოუკიდებლობის გარანტიას მისცემს პროკურატურას, რომ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ოდესღაც მივა ხელისუფლებაში, არ მიეცეს საშუალება ძალიან მარტივი ცვლილებებით დაანგრიოს ის, რაც უკვე გაკეთებულია. ამიტომ მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ პროკურატურას დამოუკიდებლობისთვის კონსტიტუციური გარანტიები ჰქონდეს და გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრაც ქართული საზოგადოების წინაშე სწორედ კონსტიტუციით მოხდეს. მიმაჩნია, რომ რაღაც მარტივი, ისეთი სახის ცვლილებებით, რომლებიც მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებით იქნება მიღებული და ის არ იქნება კონსტიტუციასთან მიბმული, კარგ შედეგს ვერ მოიტანს. ვინაიდან პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ როდესაც რაღაც სახის ცვლილება მხოლოდ უმრავლესობაზეა მიბმული, შემდგომში მას სხვა უმრავლესობა ძალიან მარტივად ცვლის", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროკურატურა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომლის მუშაობის და დამოუკიდებლობის ხარისხზეა დამოკიდებული შსს-სა და სხვა იმ უწყების საქმიანობის დამოუკიდებლობა, სადაც ტარდება გამოძიება და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. 

"აქედან გამომდინარე, თუ პროკურატურას ექნება კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობა და მოხდება მისი დეპოლიტიზება, დამიჯერეთ, სხვა უწყებებშიც იგივე გატარდება. ხოლო თუ პროკურატურას არ ექნება საკონსტიტუციო გარანტიები, ნებისმიერი რეფორმა სხვა უწყებაში მაინცდამაინც სასურველ შედეგს არ მოიტანს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.