მინდია ჯანელიძე უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

მინდია ჯანელიძე უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

როგორც ჯანელიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც მოხდა იყო შეცდომა, რომელზეც პასუხისმგებლობას არ იხსნის. 

"მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მიუხედავად იმისა, ტექსტს გავეცანი თუ არა. ეს არ იყო შეგნებული შეცდომა. ეს არ იყო წინასწარგანზრახული შეცდომა. ეს იყო ტექნიკური შეცდომა და ხარვეზი, რომ რაღაც მიზეზების გამო საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი. მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ დავინახეთ ეს შეცდომა", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ. 
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შეცდომა გაანალიზებული და გამოსწორებულია და "მსგავსი რამ მომავალში არ იქნება". 

"ამაზე გაკეთდა განცხადება. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს იყო შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული ტექნიკური მიზეზების გამო. ამას არ გავურბირვართ. ამას საშუალება მისცა ჩვენს არაკეთილმოსურნეებს – "ნაციონალურ მოძრაობას", რომ მანიპულირება მოეხდინა განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, რაზეც ვწუხვარ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს შეცდომა დანახულია, გაანალიზებულია, გამოსწორებულია და მომავალში მსგავსი შეცდომა არ იქნება", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. 

რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაწერა განცხადების ტექსტი, მინისტრის თქმით, "ის იმ დანაყოფმა დაწერა, ვინც ტექსტებს ამზადებს".

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამი იყო თავდაცვის სამინისტროს 20 დეკემბრის განცხადებაში.
21 დეკემბერს კი, თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა. 
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.