იზრუნე შვილო პენსიონერებზე, ოღონდ ისე არა, რომ მოატყუო ისინი დილა-საღამოს, - აღნიშნული განცხადება პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძის მიმართ გააკეთა, რომელმაც დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკა.
როგორც პლენარულ სხდომაზე ტყემალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და ამით პენსიონერების ნერვებზე თამაშობს.
"შემოიტანეთ თქვენი წინადადება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და განვიხილოთ. ბიუროზე დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. რაც მისაღებია მივიღოთ და რაც არ არის მისაღები, ბოდიშს მოგიხდით და გეტყვით, რომ ეს არ არის მისაღები", - განაცხადა ტყემალაძე. მას ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და ტყემალაძეს 160 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით მისი განცხადება შეახსენა, რასაც ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა. "სიცრუის ტირაჟირება არ გვინდა! ახალგაზრდა კაცი ხარ და სიცრუის ტირაჟირება გინდა შენ, გიორგი ვაშაძე! ამით გინდა იმ პენსიონერების ნერვებზე ითამაშო, მაგრამ სჯობს იზრუნო მათზე!", - მიმართა ზურაბ ტყემალაძემ გიორგი ვაშაძეს.