დეპუტატი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უნდა დასრულდეს.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინდია ჯანელიძემ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.
"ეს აჟიოტაჟი უნდა დასრულდეს და ამას ერთი პატარა პირობა სჭირდება -მინდია ჯანელიძემ უნდა აუხსნას საზოგადოებას და კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი. გარწმუნებთ, რომ ეს აჟიოტაჟი მაშინვე დასრულდება. როგორც მე გავიგე, მას კონკრეტული სტრატეგია ჰქონია არჩეული, ელოდება ჯარისკაცის დაკრძალვას და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
21 დეკემბერს კი, თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.