უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის საკითხი რუსეთის მხრიდან განსჯის საგანი არ ყოფილა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ორმხრივი საკითხია და რუსულ მხარეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში ეს თემა არ დაუყენებია.
"არანაირად არ ყოფილა ეს საკითხი ჩვენი განსჯის საგანი. უკრაინასთან ურთიერთობები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების თემაა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე ქართველი მეომარი მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანი, 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.