წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებმა საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეაბილიტაციის ცენტრიდან აცნობეს, "ემპათიას" 6 ექსპერტის მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმის დატოვებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. კერძოდ ის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკა კვარაცხელიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული პრევენციული ჯგუფის საქმიანობაში აღარ შედის წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფისათვის გაუგებარია, თუ რა ურთიერთმიმართებაში იმყოფება ქართული "პრევენცია" და ეროვნული პრევენციული ჯგუფი წამების ფაქტების დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტთან - "სტამბოლის პროტოკოლთან".
"აღნიშნული საკითხის გარკვევა ვცადეთ 2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან ეროვნული პრევენციული ჯგუფის შეხვედრაზე, თუმცა, უშედეგოდ. სამწუხაროდ, შეხვედრა შედგა, რბილად რომ ვთქვათ, საბჭოთა სულისკვეთების ატმოსფეროში, სადაც ექსპერტებს ფრიად აგრესიული ქცევით მოუწოდეს სრული და საყოველთაო მორჩილებისაკენ", - ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აგრესიული ქცევა მოჰყვა ცენტრ "ემპათიას" პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას 2014 წლის 12 ნოემბერს სად-ის N8 დაწესებულებაში მომხდარი პატიმართა წამების ფაქტის შესახებ, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა მხოლოდ 2014 წლის 19 ნოემბერს გაახმოვანა.
"ვთვლით რა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის და ეროვნული პრევენციული ჯგუფის საქმიანობა არ შეესაბამება OP CAT-ის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ასევე ექსპერტთა ჯგუფისთვის მიუღებელია სახალხო დამცველის მიერ "აზრთა კონტროლის" მოთხოვნა, ხოლო ექსპერტთა მიმართ განხორციელებული აგრესიული, კონტროლდაკარგული ქცევა, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია და გვახსენებს საბჭოთა კომკავშირულ პარტიულ ნომენკლატურულ მიდგომებს, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საქართველოს სახალხო დამცველის ეროვნული პრევენციული ჯგუფის შემადგენლობას. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა ლუსტრაციის კანონის შესახებ, რათა საქართველოს მოსახლეობისათვის ცხადი გახდეს, თუ ვინ ვინ არის; ასევე, დაიწყოს მსჯელობა აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან", - ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის განცხადებაში.
სარეაბილიტაციო ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები, რომლებმაც პრევენციის ეროვნული მექანიზმი დატოვეს, არიან: მარიამ ჯიშკარიანი, შორენა ბექაური, თამარ ნიორაძე, გელა მენთეშაშვილი, იოსებ ხატიაშვილი და კახაბერ მიქაძე.
პრევენციის ეროვნული მექანიზმი პროტესტის ნიშნად ასევე დატოვეს გელა მთივლიშვილმა და ირაკლი ვაჭარაძემ.