საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის კვოტები

საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის კვოტები "ნაციონალური მოძრაობიდან" "თავისუფალ დემოკრატებზე" გადანაწილდება

"თავისუფალი დემოკრატების" დამოუკიდებელ, ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციად ჩამოყალიბების შედეგად პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობაც იცვლება. ცვლილება დელეგაციებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებზე აისახა.

საკითხი გუშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელშიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მათ პროტესტი ევროსაბჭოს დელეგაციებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით გამოთქვეს. კერძოდ, აღნიშნულ დელეგაციაში საპარლამენტო უმცირესობისათვის განსაზღვრული იყო ორი ადგილი, რომელიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ეჭირათ. დელეგაციის ახალ შემადგენლობაში კი, ოპოზიციის კვოტას ერთი წარმომადგენლით ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" დაიკავებს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კონსულტაციების გასამართად საკითხის გადადება მოითხოვეს, რასაც კომიტეტის წევრები არ დაეთანხმნენ და დელეგაციების შემადგენლობის წარმოდგენილ ვარიანტს უყარეს კენჭი.

უმრავლესობიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლით იცვლება და იზრდება საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობაც. ამჟამად მოქმედი 15-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა 17 პარლამენტის წევრით, ხოლო 17-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა კი 19 წევრით განისაზღვრა.