საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუქას სანთელი აანთო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუქას სანთელი აანთო

საქართველოს პრეზიდენტი ებრაული დღესასწაულის, ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას ქვეყნის მთავარ სინაგოგაში დაესწრო. სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და პირველი სანთელი აანთო. გიორგი მარგველაშვილმა ებრაელებს დღესასწაული მიულოცა და სახელმწიფოს განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესში მათ ფასდაუდებელ როლზე ისაუბრა. ყურადღება მან იმ ფასეულობებზე გაამახვილა, რომელთა პატივისცემა ამ ორი ერის მეგობრობის საფუძველი გახდა. პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს რელიგიის, ტრადიციების, კულტურის დაცვასა და განვითარებაში თანადგომას დაპირდა. 

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს სიყვარულით; ურთიერთობის იმ უდიდესი გამოცდილებით, რომელიც ერთად დავაგროვეთ; მადლიერებით, რომელიც ქართველი ებრაელობის მიმართ გვაქვს. მინდა ასევე მივულოცო მათ, ვინც ისრაელში წავიდა; მათ, ვინც აქ დარჩა - ყველას მთელ მსოფლიოში. მინდა გისურვოთ  მშვიდობა. მომავალ წელს გისურვებთ იმას, რასაც დღეს ვზეიმობთ - კეთილის ბოროტზე გამარჯვებას!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს მთავარი რავინი, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.