ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, თუკი ის „მაესტროში“ წასვლას გადაწყვეტს, კარგ ტელევიზიას შექმნის.
„ადამიანებმა, რომლებიც იქიდან წამოვიდნენ, ამ სისულელეების ლაპარაკლს ჯობია, საკუთარ რეიტინგში ჩაიხედონ, რა რეიტინგი ჰქონდა მათ პროექტებს ეთერში. მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაესტროს“ რეიტინგი სულ ქვემოთ მიდიოდა და მათ შორის ქალბატონი ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა, რომელმაც მაყურებელი დაკარგა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მგონია, რომ ზუსტად რეიტინგია მთავარი, რის გამოც „მაესტროში“ რეორგანიზაციაა. იმედია, რომ „მაესტროს“ მენეჯმენტი ამ საკითხებს მოაგვარებს და ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთი კარგი ტელევიზია ექნება. გეგმები, რომელიც მე მაქვს, არ ჩაიშლება და ამას მიზანმიმართულად მივყვები. თუ მე გადაწყვეტილებას მივიღებ, რომ „მაესტროზე“ უნდა წავიდე, წავალ „მაესტროზე“ და დამიჯერეთ ძალიან კარგ ტელევიზიას გავაკეთებ“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "მაესტრომ" არხის სრული რეორგანიზაცია გამოაცხადა. ტელეკომპანია ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა. ზოგი მათგანი აცხადებს, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილი „გრანდიოზული გეგმებით“ აპირებდა მისვლას, რაც ჟურნალისტების ნაწილისთვის მიუღებელი იყო.