"ეს არის საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი"

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მინისტრის შეფასებით, "ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა მიმართულებით".

ბერუჩაშვილი აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და გამთლიანებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი.

"ეს არის საქართველოს მოდერნიზაციის და ევროპეიზაციის გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვას ყველა მიმართულებით", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დღეს განახორციელებს. იგი ასევე მიიღებს ორ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ამ პროცესს ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის იდეა იყო რომ ევროპარლამენტში საქართველო საქართველოს პრეზიდენტს წარმოედგინა, რადგან სტრასბურგში ჩასვლას პარლამენტის თავმჯდომარე საპატიო მიზეზის გამო ვერ ახერხებდა.

ცნობისთვის, რატიფიცირების პროცესს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.