პროკურატურის რეფორმის საკითხზე დისკუსია 26 დეკემბერს დაიწყება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, როგორც სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს სხდომას სწორედ ამ დროისთვის მოიწვევს.
"პრემიერის დავალების შედეგად, სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში გაიხსნება პროკურატურის რეფორმირების საკითხზე დისკუსია. ამ საბჭოს, როგორც იცით, ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, მის შემადგენლობა კი წარმომადგენლობითია და შედიან, როგორც თავად პროკურატურა, ისე შს სამინისტრო, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი, სასჯელაღსრულების სამინისტრო, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სამოქალაქო საზოგადოება. საბჭო თავის დროზე ევროკავშირის მონაწილეობით დაფუძნდა. მე, როგორც საბჭოს ხელმძღვანელი, საბჭოს პირველ სხდომას მოვიწვევ 26 დეკემბერს და გავხსნით ამ თემაზე დისკუსიას. მოწვეული იქნება საბჭოს ყველა წევრი და ისინიც, ვინც სურვილს გამოთქვამენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, პროკურატურის რეფორმირების მთავარი მიზანია, განისაზღვროს ანგარიშვალდებულების საკითხი და შეიცვალოს ინსტიტუციური ჩარჩო, რომელშიც უწყება დღეს მოქმედებს.
"პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა გულისხმობს იმას, რომ უნდა განისაზღვროს, სად უნდა მუშაობდეს პროკურატურის ორგანოები – უნდა იყოს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, თუ სხვაგან და თუ სხვაგან უნდა იყოს, მაშინ – სად. რაც მთავარია, პრემიერს ჰქონდა დავალება, რომ განისაზღვროს ანგარიშვალდებულობის საკითხი – მთავარი პროკურორი ვის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული. მთავარი მიზანი იმ სამუშაოებისა, რომელიც ჩვენ უნდა განავახორციელოთ, არის ის, რომ პროკურატურა იყოს ეფექტიანი ორგანო, რომელიც ებრძვის დანაშაულს, მაგრამ ამავე დროს როგორც სისხლის მართლმსაჯულების მონაწილე ერთ-ერთი მთავარი ორგანო და მხარე, განამტკიცებს კანონის უზენაესობას. ეს გულისხმობს იმას, რომ ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიშიც დღეს პროკურატურა მოქმედებს, საჭიროებს დახვეწას და გადახედვას", - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან თეა წულუკიანი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს ვის მიმართ იქნება პროკურატურა ანგარიშვალდებული და აღუდგება თუ არა იუსტიციის მინისტრს ის უფლებამოსილება, რომელიც მას გენერალური პროკურორის სახით ჰქონდა.
"ამაზე დღეს ვერ იქნება საუბარი. 26-ში შევიკრიბებით და დავიწყებით მსჯელობას, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებიტაც", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.