მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს

მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებასაც იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.

"კიდევ ერთი დანაპირები, რაც მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, იყო პროკურატურის რეფორმა. ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვები თეა წულუკიანთან, ასევე პროკურატურასთან, მთავრობის წევრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას. პროკურატურა არის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი, ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე არის ახლა. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა სწორედ ამას გულისხმობს და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით ყველანი ერთად. შესაბამისად, ჩვენ გადავწვიტეთ, რომ გავცეთ ინსტრუქცია, დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს თუნდაც ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაში შევლენ ძალოვანი სტრუქტურები, თვითონ პროკურატურა, არაერთი სამინისტრო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი. მინდა ვთხოვო თეა წულუკიანს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ რეფორმაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ რომელ მოდელს აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, "ეს უნდა აჩვენოს მუშაობის პროცესმა".