არ მესმის, ევროპარლამენტის სხდომას რატომ უნდა ესწრებოდეს საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერი

არ მესმის, ევროპარლამენტის სხდომას რატომ უნდა ესწრებოდეს საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერი

საერთოდ არ მესმის, ევროპარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე რატომ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი ან რომელიმე მინისტრი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, ხვალინდელი დღე, როცა ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ახდენს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადგილი აქვს წმინდა საპარლამენტო ღონისძიებას, სადაც მთავრობის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებელი არ არის.

"უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ წმინდა წყლის საპარლამენტო აქციაა – დოკუმენტის რატიფიცირება პარლამენტში. ამიტომ სწორი და ლოგიკური იყო თავდაპირველი გადაწყვეტილება, როცა ევროპარლამენტის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა დასწრებოდა და სიტყვითაც უნდა გამოსულიყო, რაც სამწუხაროდ, შეუძლებელია. ამიტომ სასიამოვნო და მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სახელმწიფოს მეთაური იქნება. საერთოდ, ნამდვილად არ მესმის აჟიოტაჟი, რომელიც თემის ირგვლივ არსებობს. "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია ყველაფერზე ისაუბროს, მაგრამ ქართული მედიაც რომ იგივეს იმეორებს, რა ნარატივსაც ისინი ქმნიან, ეს უკვე აღარ მესმის. რატომ უნდა იყოს იქ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი?! ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრიც და პრემიერიც იმყოფებოდნენ იმ ეტაპზე, როცა საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხებოდა – პარაფირების დროს, ხელმოწერის დროს და შესაბამისად, ყველა ეს ქმედება მათ განახორციელეს. ახლა ჯერი პარლამენტზეა. პარლამენტიდან ორი მთავარი ფიგურა – საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები და ასევე სახელმწოფოს მეთაური იქ იქნებიან", - აცხადებს თინა ხიდაშელი.