მკვდარი რუბლი და ქართული ექსპორტის პრობლემები

მკვდარი რუბლი და ქართული ექსპორტის პრობლემები

რუსული რუბლის გაუფასურება, ქართულ საექსპორტო პოტენციალს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ეს განცხადება, ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომან გოცირიძმე „პირველ რადიოსთან“ საუბრისას გააკეთა. თუმცა რომან გოცირიძის განმარტებით, რუსული რუბლის გაუფასურება და რუსეთის ფედერაციაში არსებული ეკონომიკური პრობლემები საქართველოზე მნიშვნელოვნად არ აისახება, რადგან ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის მოწყვეტილი რუსულ ბაზარს. ერთადერთი კავშირი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად რუსეთთან აკავშირებს ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში განხორციელებული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტია. მისივე თქმით, კიდევ ერთი გავლენა , რომელიც შესაძლოა ლარის კურსის ვარდნაზე რუსეთის ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა მოახდინოს, არის ფულადი გზავნილების შემცირება. გოცირიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დანაკარგის ანაზღაურება ინვესტიციების მოზიდვით და სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროების განვითარებით უნდა მოხდეს.

„რა თქმა უნდა რუსეთში ვალუტის კატასროფული ვარდნა საკმაოდ სერიოზული მოვლენაა რეგიონში, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას მოწყდა და მხოლოდ ორი წელია რაც ღვინის ექსპორტითა და მინერალური წყლის ექსპორტით გამოიხატება, ბუნებრივია, რომ ამ საექსპორტო პოტენციალს გარკვეული პრობლემები შეექმნება, მაგრამ ეს არ არის არსებითი, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვნად დაეცა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე და ჩვენი დანაკარგები არა მხოლოდ რუსეთში არამედ უკრაინაშიც, კომპენსირებული იქნება ნავთობის ფასის ვარდნით, ვინაიდან ნავთობის ფასი ფაქტობრივად განახევრდა მსოფლიოში. ეს აისახება ჩვენი იმპორტისათვის გადასარიცხი ვალუტის შემცირებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად ერთმანეთს აბათილებს. მთავარი პრობლემა არის რუსეთიდან სწრაფი გადმორიცხვები, რამაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საგრძნობლად იკლო და ეს ტენდენციბი ალბათ გაგრძელდება სამომავლოდაც. ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დამოკიდებულია ასევე ჩვენი სხვა სფეროების ამოქმედებაზე, რომელმაც ვალუტის შემოდინების ეს დანაკარგები უნდა აანაზრაუროს, ესენია: ინვესტიციების მოზიდვა, ჩვენი მომსახურების სფეროს განვითარება,სატრანსპორტო გადაზიდვები, სარკინიგზო გადაზიდვები, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად სემცირდა,“-განაცხადა რომან გოცირიძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.