გუბაზ სანიკიძე:   ასეთი

გუბაზ სანიკიძე: ასეთი "პარტიზანშინა" არ ვარგა

ასეთი "პარტიზანშინა" არ ვარგა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე საყრდის-ყაჩაღიანის საბადოზე აფეთქებითი სამუშაოების განხორციელებას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სანიკიძემ განუცხადა, ვიდრე საკითხი საკამათოა და არსებობს ორი მხარე, რომელთა შორის შეთანხმება ვერ დგება, კომპრომისის მიღწევამდე, საკითხი გაყინული უნდა ყოფილიყო. სანიკიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში, ბევრი ცდილობს, "საქმეს აეკიდოს და ის პოლიტიკურ საკითხად აქციოს". სანიკიძის თქმით, "ეროვნული ფესვების დამცველები გახდნენ ადამიანები, რომელსაც მსგავსი რამ აქამდე არასდროს აინტერესებდათ".

"საყრდისის საბადოსთან დაკავშირებით არის დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები. ის რაც მოხდა – აფეთქების სახით დაწყებული სამუშაოები, აბსოლუტურად მიუღებელია, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც არ თვლის, რომ საყრდისი კულტურული ძეგლის მატარებელია. საერთოდ, ასეთი "პარტიზანშინა" არ ვარგა. ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, არ ნიშნავს, რომ ცდებიან", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სანიკიძემ.

დეპუტატის აზრით, საყდრისის საბადო ძალიან საინტერესო ადგილია არქეოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა უფრო მეტი დადასტურება სჭირდება იმას, რომ ის არის ისტორიული ძეგლი.

"საერთოდ ძალიან საკამათოა, თუ როდის დაიწყო და ვინ დაიწყო ოქროს მოპოვება. არიან ქართველი სპეციალისტები და უცხოელებიც, ვინც თვლის, რომ საყრდისი შეიძლება ოქროს მოპოვების პირველ ადგილად ჩაითვალოს. ჩემთვის მიდგომაა მიუღებელი, როცა ასე პარტიზანულად შედიან და აფეთქებენ", - აცხადებს სანიკიძე.