პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 2014 წელს არ გაზრდილა

პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 2014 წელს არ გაზრდილა

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შარშან წლის განმავლობაში 25 პატიმარი გარდაიცვალა და სიკვდილიანობის მაჩვენებლი წელსაც 25-ია. რაც შეეხება უშუალოდ სუიციდის შემთხვევებს, მინისტრის თქმით, სუიციდის ერთით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 2014 წელს. კერძოდ, გასულ წელს სუიციდის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი – 7.

აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვით ომბუდსმენის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაღალია.

"როცა სიცოცხლეს ეხება საქმე უხერხულია ამაზე საუბარი, თითოეული შემთხვევა ჩვენთვის და ყველასთვის არის ტრაგედია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გარდაცვალების ფაქტები. რაც შეეხება სუიციდს, სუიციდის პროგრამები უკვე მოქმედებს სასჯელაღსრულების გარკვეულ დაწესებულებებში, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ მოვიცვათ დაწესებულება, რათა აღარ დაფიქსირდეს სუიციდის შემთხვევა", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.