საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიუ-იორკის ფორდჰამის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ლევან ბოძაშნილი გიორგი მარგველაშვილის ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწრებას მიესალმება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, სახელმწიფო მეთაური აუცილებლად უნდა დაესწროს რატიფიკაციის პროცესს.
"ასოცირების შეთანხმება არ არის მხოლოდ ერთი სახელისუფლო შტოსთან დაკავშირებული, არც მხოლოდ პარლამენტის განზომილებაა, არც მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ ეხება ქვეყნის განვითარების თითქმის ყველა ასპექტს. ამიტომ სახელმწიფო მეთაური თუ დაესწრება ამ პროცესს, ეს იქნება ძალიან კარგი და გამოხატულება იმისა, რომ ამ პროცესს საქართველო მიესალმება, როგორც სახელმწიფო და არა მხოლოდ ცალკეული სახელისუფლო შტო, პარლამენტი ან მთავრობა. პრეზიდენტის მონაწილეობა არის ძალიან კარი გადაწყვეტილება", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესზეც პრეზიდენტი უნდა წასულიყო.
"ასოცირების ხელმოწერასთან დაკავშირებით, ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ პრეზიდენტს უნდა მოეწერა ხელი, რადგან ეს არის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება და ცდება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას. ის ეხება სახელისუფლო ორგანიზაციებს, ყველა ასპექტს, ხელისუფლების ყველა შტოს, მართლმსაჯულებას, საკანონდებლო პროცესს, ინსტიტუციურ რეფორმას და ცდება მთავრობის კომპეტენციას. ახლა მაინც პრეზიდენტი რომ მიდის, არის სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდება.
"ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.