17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს, ტრადიციისამბერ საქართველოში, თითქმის ყველა ოჯახში ლობიანებს აცხობენ. თუმცა, არცთუ ისე ბევრმა იცის, რა კავშირშია ეს ტრადიცია წმინდა ბარბარეს ხსენების დღესთან.
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად, იგი აგრეთვე მიაჩნდათ ხელოსანთა მფარველად. მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების მფარველი ქალღვთაება. ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანულ მზის ადგილობრივ ღვთაებას.
ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს-ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს, ყველიან და კვერცხიან კვერებს (დაახლოებით ხაჭაპურის მსგავსს). ამ კვერებს მზის პატივსაცემად მრგვალი ფორმა და ყვითელი გული ჰქონდა...
როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა. შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა ბარბალობის წესების რამდენადმე შენარჩუნებით. რადგან ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, ყველი და კვერცხი კი აღარ გამოდგებოდა. შედეგად ფარშის სახით მზის ფორმის კვერებში გაჩნდა ყველაზე ხელმისაწვდომი სამარხვო პროდუქტი - ლობიო.
შეგახსენებთ, წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.