თედო ჯაფარიძემ სტრასბურგში შეხვედრები გამართა

თედო ჯაფარიძემ სტრასბურგში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ სტრასბურგში შეხვედრები გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, ქალაქ სტრასბურგში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეკ სავიცკისთან.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის პროცესებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე ისაუბრეს, სადაც აღინიშნა, რომ ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოში ვითარების მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას ხელს არ შეუწყობს.

"ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოსთან სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. აგრეთვე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებს", - აცხადებენ პარლამენტში.

ევროპულმა მხარემ საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.