ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
მისივე თქმით, რატიფიცირების პროცესი საპარლამენტო ღონისძიებაა და სამთავრობო სტრუქტურების დასწრებას არ ითვალისწინებს.
"სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი შეხვედრა ვერ შედგა. რადგან დღემდე დარწმუნებული ვიყავით, რომ მოაგვარებდა პრობლემას. პირადი ჯანმრთელობის საკითხია, მაგრამ ევროპარლამენტში იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. ასევე იქნება ჩვენი სრულუფლებიანი ელჩი", - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიწვევის საკითხს, ვოლსკის შეფასებით, უსიამოვნო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას, ასეთ ღონისძიებაზეა მიწვეული.
"რაც შეეხება სააკაშვილის მიწვევას, ასე გადაწყვიტა ჩემმა მოგვარემ, სახალხო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ მათ უფლება აქვთ მიიწვიონ, თუმცა დასასწრები ადგილი არის ჩვეულებრივი მოქალაქეთა სექცია. ვნახოთ, თვითონ თუ მოინდომებს. ყოველ შემთხვევაში, უსიამოვნო ფაქტია, ადამიანი, რომელიც ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას, ასეთ ღონისძიებაზეა მიწვეული. მაგრამ მაინც სახალხო პარტიის სოლიდარობის მნიშვნელოვანმა გავლენამ და მათმა უფლებამ გადაწყვიტა ეს საკითხი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, საჭირო იყო თუ არა, რომ რატიფიცირებას მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წევრი დასწრებოდა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრი გამოსვლის უფლებით არ სარგებლობს. მისივე თქმით, ეს არის საპარლამენტო ღონისძიება, რომელზეც პარლამენტარებს აქვთ გამოსვლისა და განცხადებების გაკეთების უფლება.
ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.