პოროშენკო, პუტინი, ოლანდი და მერკელი შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მალე გაიმართოს მინსკის მოლაპარაკებები

პოროშენკო, პუტინი, ოლანდი და მერკელი შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მალე გაიმართოს მინსკის მოლაპარაკებები

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მალე გაიმართოს მინსკის საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებები.

"ოთხი ქვეყნის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივით, 9 დეკემბრიდან ე.წ. "დუმილის რეჟიმი" მოქმედებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ შეწყვეტილა.

გაერო-ს ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული 4 707 ადამიანი ემსხვერპლა, 10 ათასზე მეტი კი დაშავდა.