საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ დავით ონოფრიშვილის ყოფნის მიზანშეწონილობას

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ დავით ონოფრიშვილის ყოფნის მიზანშეწონილობას "ქართულ ოცნებაში" განიხილავენ

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი არ უარყოფს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილის მიერ საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი გუნდში განხილვის საგანი იქნება.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ონოფრიშვილი თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რაც პრობლემაა.

"დავით ონოფრიშვილი მაღალი დონის სპეციალისტია, არის მაღალი დონის ექსპერტი, მაგრამ ოპოზიციური ფრთა ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელს ევალება არა მხოლოდ ბიუჯეტისთვის ხმის მიცემა და პასუხისმგებლობის აღება, არამედ მის შესრულებაზე კონტროლი, რაც ოპოზიციური ფრთიდან რთულად შესასრულებელია. აღნიშნული კომიტეტის ხელმძღვანელის ან სხვების შეცვლაზე ახლა მსჯელობა არ მიმდინარეობს, მაგრამ ვნახოთ, საკითხს მმართველი გუნდი "თავისუფალი დემოკრატების" მონაწილეობით განიხილავს", - განიცხადა ინტერპრესნიუსს გიორგი ვოლსკიმ.