ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული კითხვების რაოდენობამ წლის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ გამოძიების შედეგებმა ეჭვი არ გააჩინოს, მნიშვნელოვანია, ყველა საგამოძოებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის - ექსჰუმაცია. სახალხო დამცველის თქმით, კითხვის ნიშნები არსებობს ამ საქმეზე ბრალდებულ ძაძამიასთან დაკავშირებითაც, რომელიც ორი დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
"ჩვენ დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა, საუბარია არა მხოლოდ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ წარმოებულ საქმეზე, არამედ იმ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა წლის განმავლობაში, კერძოდ, სამი ადამიანის ბრალდებულად ცნობაზე. პრობლემები გამოძიებაში არსებობს და ფაქტია, რომ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი კვლავ არ გასცემია. ბუნდოვანებით არის მოცული, არა მხოლოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებული პერიპეტიები, არამედ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა ძაძამიას დაკავებას და შემდგომ მის გათავისუფლებას. ასევე კითხვის ნიშნები არსებობს ბრალდებულ ექსპერტთან დაკავშირებით. როდესაც კითხვები არსებობს, პროკურატურამ ნათელი უნდა მოჰფინოს და ღია, გამჭვირვალე უნდა გახადოს პროცესი. ვიცით, რომ მოლოდინი და ინტერესი საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურას რომ მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები არ ჰქონდა, გამოჩნდა იმითაც, რომ არც ერთი პირი ამ საქმეზე დაკავებული არ არის.
"საქმეში კვლავ არის კითხვის ნიშნები. რეალურად, წლის განმავლობაში არც ერთ ამ კითხვის ნიშანს პასუხი არ გასცემია, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა კითხვის ნიშნები. იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, საჭიროა ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, შესაძლოა, ექსჰუმაციის ჩატარების აუცილებლობას დადგეს. თუკი რეალურად მიდის გამოძიება, ვფიქრობ, ყველა ის ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რომელიც გამოძიებას გახდის სრულყოფილს და გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არავის ეჭვი არ შეეპარება. ვფიქრობ, ცხედრის ექსჰუმაცია დიდი და სერიოზული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
თუმცა, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, შანსი იმისა, რომ საქმე გამოიძიონ, არსებობს.