როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, 13 დეკემბერს პრემიერთან გამართული სამუშაო შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ თემატიკას არ შეეხებოდა.
ასე უპასუხა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა თავად პრემიერ-მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც საგარეო საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა და მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ზოგადად შეხვედრები ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით იმართება, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა არ შეეხებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ თემატიკას და მის კოორდინაციას. შესაბამისად, ამაში გასაკვირი და აღსანიშნავი არაფერია“, - განაცხადა ბაქრაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ინფორმირებული რა თემებზე იყო საუბარი აღნიშნულ შეხვედრაზე, მინისტრი აცხადებს, რომ საკითხების შესახებ იცის, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.
„მე რომ ვფლობ ინფორმაციას, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ვისაუბრო“, - დასძინა ბაქრაძემ.