ადვოკატ გელა ქენქაძის განცხადებით, ძაძამია 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ 14 დეკემბერს გათავისუფლდა.
როგორც ქენქაძემ "პირWელს" განუცხადა, ეს საქმის დასრულებას არ ნიშნავს და პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სხვა სახით - გირაოთი შეიცვალა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დააკავა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული იქნა შესასრულებლად სავალდებულო "საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა", რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზ.ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მ.ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი. ამავდროულად მიხეილ ძაძამიამ დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ. ზემოაღნიშნულით მ.ძაძამიამ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება.
მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - აცხადებდნენ პროკურატურაში.