„მიმზიდველი ღიმილი, ბრძნული იუმორი, ქართული აქცენტით შეზავებული საუბარი რუსულად, მომხიბლავი უზუსტობებით... რომანტიკოსი, სკეპტიკოსად ქცეული... სიცოცხლის მოყვარული, რომელმაც იცის ეკლესიასტეს მწუხარება... ჩვენ რობერტ სტურუას მოსკოვში, „Et Cetera»-ს თეატრის კაბინეტში ვესაუბრებით, სადაც იგი მთავარ რეჟისორად მუშაობს თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრიდან წასვლის შემდეგ. 2012 წელს რობერტ სტურუა საქართველოში მშობლიურ თეატრს დაუბრუნდა, თუმცა, მოსკოვის თეატრის ხელმძღვანელობასაც აგრძელებს", - წერს პუბლიკაციის შესავალში ჟურნალისტი ალენა კარასი, რომელმაც რეჟისორს ინტერვიუ ჩამოართვა.
ინტერვიუში რობერტ სტურუა საუბრობს ახალ შემოქმედებით გეგმებზე, საქართველოში დაბრუნების პერიოდში დადგმულ სპექტაკლებზე (მათ შორის - „ასულნი", ანუ „სამი დამონებული ქალი, რომელნიც მესიას ელოდებიან"): „ეს პიესა 1924 წელსაა დაწერილი და მასში ნაწინასწარმეტყველევია ისეთი დიქტატორის გამოჩენა, როგორიც იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იყო. სპექტაკლში ქალები საქართველოს უბედურებაზე მსჯელობენ და ცდილობენ, გაიგონ, რატომ აღმოჩნდა ქვეყანა სულიერ ჩიხში".
შეკითხვა: და საქართველო ჩიხში აღმოჩნდა?
რობერტ სტურუა: ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსვლა [პოლიტიკაში] ჩვენთვის კატასტროფა იყო. მან ყველა კარგად მოატყუა და მთელ მსოფლიოს საკუთარი თავი დემოკრატად მოაჩვენა. მას კოლოსალური საერთაშორისო ლობი ჰყავდა, იგი ამ მიზნით ამერიკელებსა და ევროპელებს უზარმაზარ თანხებს უხდიდა. დღეს, როცა მთელი მსოფლიო ხელისგულზეა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არავინ იცოდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე, მკვლელობებზე და სხვა კრიმინალზე. მიხეილ სააკაშვილი - ეს არის იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას შთამომავალი. ბოროტება ხომ მიმიკრიასავით სხვადასხვა სახით გვევლინება. იგი სუფთა ბოროტება იყო, თავისი ნამდვილი სახით. ორი წლის შემდეგ, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მე ლაშა ბუღაძეს პატარა ერთაქტიანი პიესები დავუკვეთე, რომ მათში თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პროცესები ყოფილიყო ასახული. შევკრიბე ახალგაზრდა რეჟისორები და მათთან ერთად წილისყრა ჩავატარე. მე შემხვდა პიესა „პრეზიდენტი", რომელიც დავდგი. არა, მე არ ამომირჩევია, უბრალოდ, ქუდში პიესების დასახელებები ჩავყარეთ და მე „პრეზიდენტი" შემხვდა. ჩემი მეგობრები - გია ყანჩელი, გოგი მესხიშვილი მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვაკეთებდი ამას, რატომ ვიქმნიდი პრობლემებს... ვპასუხობდი, რომ მშვენივრად მესმის, საით მიჰყავს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანა-მეთქი. მან ქვეყანაში, საზოგადოებაში ისეთი სულიერი კორუფცია განავითარა, რომ ადამიანებში ყოველგვარი ზნეობრივი საფუძვლები დაინგრა - ყველაფერი დაშვებულ იქნა.
ჟურნალისტი რობერტ სტურუას მოსკოვური ცხოვრებით ინტერესდება და ეკითხება ყოველდღიური საქმიანობის შესახებ: „პატარა ოთახში ვზივარ ხოლმე, თეატრის შენობაში, შემდეგ ჩავდივარ რეპეტიციებზე და სულ ეს არის. ერთხელ, საქართველოში წასვლის წინ, „ცუმ"-ში (მოსკოვის „ცენტრალნიი უნივერსალნიი მაგაზინ") შევიარე. რადგან ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახობისთვის საჩუქრების საყიდლად ფული ნამდვილად არ მეყოფოდა, ამიტომ ზემოთ ავედი, სადაც იოკო ონოს გამოფენა იყო. იქიდან აი, ეს ღია ბარათი წამოვიღე ასეთი წარწერით: „რა თქმა უნდა, ხალხს ომი არ სჭირდება... მაგრამ პოლიტიკას ყოველთვის ლიდერები განსაზღვრავენ, მათთვის კი ქვეყნის ომში ჩათრევა ძალიან იოლია: არ აქვს მნიშვნელობა, დემოკრატიული ქვეყანაა, საპარლამენტო რესპუბლიკა, ფაშისტური თუ კომუნისტური დიქტატურა... ხმის მიცემით თუ მის გარეშე, ხალხს ყოველთვის შეიძლება გააკეთებინო ის, რაც მბრძანებლებს სურთ. ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება. მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, ისაა, რომ მათ უთხრა: „ჩვენ თავს დაგვესხნენ", შემდეგ კი პაციფისტები არაპატრიოტობაში დაადანაშაულო, განაცხადო, რომ ისინი ქვეყანას საფრთხეს უმზადებენ და სამშობლოს ღალატობენ...". ეს სიტყვები ჰერმან გერინგმა ნიურნბერგის პროცესზე წარმოსთქვა.
http://www.rg.ru/2014/12/15/sturua.html