კრიმინალური წარსული თუ მაქვს, რას მოდიოდით და მეუბნებოდით, ხმები მოგვიგროვეო

კრიმინალური წარსული თუ მაქვს, რას მოდიოდით და მეუბნებოდით, ხმები მოგვიგროვეო

ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოქროპირიძე მიუთითებს, რომ თენგო ერისთავს ნარკოტიკი მის წინააღმდეგ ჩვენების მიზნით ჩაუდეს, - ამის შესახებ ოქროპირიძემ საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"ყველამ კარგად იცის, ვისზე ვლაპარაკობ, ხალხს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს, რომ ჩემზე ხელი დაედოთ, მაგრამ მადლობა ამ ადამიანს, რომ ეს არ გააკეთა. გარდა ამისა, ბერძენიშვილს დააწერინეს ჩვენება ან ხელი მოაწერინეს, ყველაზე საშინელი რაც არის ძმათა შორის შუღლს აღვივებენ, ბერძენიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ სახლში ვცხოვრობდით, ისევე როგორც გიორგი ანდრიაძე", - განაცხადა ოქროპირიძემ.

ბრალდებულის ადვოკატმა ლევან ჯვახაძემ სასამართლოში პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ამის მოტივად ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება დაასახელა და აღნიშნა, რომ სანამ დასკვნა არ იქნება, პროცესი არ უნდა გაგრძელდეს.

პროცესის გადადებას შეეწინააღმდეგა პროკურორი. ადვოკატის შუამდგომლობა არც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ოქროპირიძემ პროკურორს უთხრა, რომ "კრიმინალური წარსული თუ მაქვს, რას მოდიოდით და მეუბნებოდით, ხმები მოგვიგროვეო".

პროცესზე ბრალდებულმა ისიც განაცახდა, რომ ქაშვეთში სტიქაროსანია.

ლაშა მახარაძე ვაკეში მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი- გიორგი ოქროპირიძეა დაკავებული.