ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, "თავისუფალ დემოკრატთა" გუნდი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში აღარ იმყოფება, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.
"2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ბევრი საკითხი და ელემენტია, რომელსაც ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ. თავის დროზე ჩვენ მონაწილეობა მიღებული გვაქვს ბიუჯეტის შემუშავებაში და ვთვლით, რომ ძალიან მნიშველოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს უფრო დიდი ბიუჯეტი გააჩნია, ვიდრე მანამდე ჰქონდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის. რესურსების სიმწირე იყო განმაპირობებელი იმისა, რომ ორ წელიწადში 30 000-მდე ჯარისკაცის კვების საკითხი ვერ მოგვარდა", - განაცხადა ჩიქოვანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან ყურადღება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების პრობლემატიკაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ასეულობით მილიონობით ლარი აუთვისებული რჩება.