ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს და სამუშაო ადგილებს გაზრდის, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი 2015 წლის საბიუჯეტო პროექტს.
მაჭავარიანმა ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა გააკრიტიკა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც დეპუტატის შეფასებით, ინვესტიციების განხორციელებას უშლის ხელს.
"თქვენ დღეს ჩინურ ინვესტიციებზე საუბრობდით. უკაცრავად კოლეგებო, შემთხვევით ეს ის ჩინური ინვესტიცია ხომ არ არის, საარჩევნო კამპანიის დროს რომ დადიოდით და გვაბრალებდით, სააკაშვილს ჩინელები ჩამოჰყავსო?! სააფთიაქო ბიზნესზე რომ გვაბრალებდით, თითქოს მონოპოლისტები ვიყავით, დარწმუნდით, რომ მონოპოლია არ არის, თუ კახა ოქრიაშვილი რაც თქვენთან გადმოვიდა, ამის შემდეგ მოგვარდა მონოპოლიის პრობლემა?! ცეზარ ჩოჩელს და "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებდით, რომ ჩოჩელის გამო ქათამი არ იკვლებოდა - წავიკითხე, რომ ცეზარის საწარმოს "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში 1-ლარად რაღაც პროექტი მოუგია და კრედიტიც აუღია. ძალიან კარგი – მიხდვდით, რომ ეს სწორი გზაა?!", - მიმართა მმართველ გუნდს მაჭავარიანმა.