სადაც ვცხოვრობდი, ისევ იქ ვცხოვრობ და რა პირობებშიც ვცხოვრობდი, თუ არ გამიუარესდა პირობები, არ გამიუმჯობესებია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ფინანსთა მინისტრს შევარდნაძის მთავრობაში მისი ხელფასი გაახსენა.
"დღევანდელი მინისტრები, აწყობილი ქვეყნის მთავრობაში მოსულები, რა თქმა უნდა, რეზინის ჩექმებს და ტყავის პალტოსაც იყიდით, მაგრამ შევარდნაძის მთავრობის ფინანსთა მინისტრის 140-ლარიანი მოადგილე რომ იყავით, მაშინ როგორ ყიდულობდით ორ-ორ წყვილ კალოშს, ეგ მითხარით, გაფიცებ ძმობას", - მიმართა ბობოხიძემ ხადურს.
მინისტრის თქმით კი, მისი მატერიალური მდგომარეობა იმ პერიოდიდან დღემდე არ გაუმჯობესებულა. ხადურმა ბობოხიძის ძველი და ახალი დეკლარაციების გაცნობა ურჩია.
ნოდარ ხადური 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი იყო.
"კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების" ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან", - ეს შეფასება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც მათ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ.