საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში, თბილისში ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია იმყოფება.
ისინი დღეს შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ეს არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციის პროცესში ევროკავშირის ექსპერტების პირველი მისია.
"მთელი კვირის მანძილზე ისინი იმყოფებოდნენ თბილისში და აკვირდებოდნენ ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს. ანალოგიური მისიები საქართველოში მომდევნო წლის დასაწყისში, სავარაუდოდ თებერვალში ჩამოვლენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ მირწეული პროგრესი შესაბამისად იქნება ასახული მათ მიერ. ეს მისია, რომელიც დღეს ასრულებს მუშაობას, უახლოეს მომავალში წარმოადგენს ანგარიშს", - განაცხადა გიგიაძემ.
მისივე თქმით, მეორე ფაზის იმპლემენტაციის პროცესში 2015 წლის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს მე-2, მე-3, მე-4 ბლოკების შემფასებელ მისიებს. "ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებით დავამთავრეთ და გადავედით მეორე ფაზაზე", -განაცხადა გიგიაძემ.