საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის დღის წესრიგს ბიურო სხდომა ადგენს და შესაბამისად ,,ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს, მათ მიერ გამოცემული გაზეთების დარიგების შესაძლებლობაც ალბათ ამიტომ არ მიეცათ.
როგორც კახიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, უმცირესობის წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ გაზეთების გადაცემა დეპუტატებისთვის.
,,რეგლამენტით მსგავსი დეტალი არ არის გაწერილი. პარლამენტის წევრებს ურიგდებათ ის მასალა, რომელიც დაკავშირებულია კანონპროექტებთან და ზოგადად პარლამენტის დღის წესრიგთან. ამას საორგანზაციო დეპარტამენტი აკეთებს. მე არ ვიცი რა საფუძვლით უთხრეს უარი მანდატურებმა გაზეთების დარიგებაზე. ყოველ შემთხვევაში, თუკი მათ ამის სურვილი აქვთ, მოგვაწოდონ გაზეთები, პარლამენტის წევრებს გვაქვს ჩვენი ოთახები. ვერანაირ პრობლემას მე ამაში ვერ ვხედავ", - განაცხადა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის გაზეთების დარიგებას გეგმავდნენ, რომელშიც მათი თქმით, "ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კლანის კორუფციული სქემებია ასახული".
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, მათ უმრავლესობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცემული გაზეთების გადაცემის შესაძლებლობა არ მიეცა.
დეპუტატ გოგა ხაჩიძის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, გაზეთით ბევრი დაინტერესდა და მისი გაცნობის შესაძლებლობა დეპუტატებს მაინც ექნებათ.