ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს სთხოვს დააკონკრეტოს, რომელი "ნაცი" მივიდა ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით და ვინ არიან მისი ბრალდების ადრესატები.
შესაბამისი განცხადება ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
"მაინტერესებს, ვის გულისხმობდით. პირადად ჩემზე შემიძლია გითხრათ, რომ ორგზის დეპუტატი ვარ, ოთხი წელი ორი რეგიონის გუბერნატორი ვიყავი, ოთხი წელი მინისტრად ვიმუშავე და დღემდე ჩემი ოროთახიანი ბინის კრედიტს ვიხდი, 2001 წლის "რენო ლაგუნათი" დავდივარ. ვის გულისხმობდით და ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი "ნაცები", როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა "ქოცები" გახდნენ და თქვენთან გადმოინაცვლეს", - მიმართა ფინანსთა მინისტრს ხაჩიძემ.
"კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების" ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან", - ეს შეფასება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც მათ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ.