ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 17 დეკემბერს მოახდენს.
15-21 დეკემბრისთვის სტრასბურგში დაგეგმილი პლენარული სესიის დღის წესრიგი ევროპის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს შესახებ დებატები 17 დეკემბერს არის ჩანიშნული. ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის გარდა, ასევე დაგეგმილია საქაღთველოს შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა. ამავე დღეს გაიმართება დებატები უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა. რეზოლუციაში აღნიშნულია, ევროპარლამენტი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთს კი მოუწოდებს, პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, გამოძიების დროს კი პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს.