ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საკადრო ცვლილებები მინისტრების დონეზე მოხდება

ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საკადრო ცვლილებები მინისტრების დონეზე მოხდება

თუ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება გაგრძელდება, გაზაფხულზე საკადრო ცვლილებები უკვე მინისტრების დონეზე მოხდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ დაიტოვა ცვლილებების სამარქაფო ვარიანტი, რომელსაც ნეგატიური დამოკიდებულების გადასაფარად გამოიყენებს.

"ახლა იწყება საახალწლო პერიოდი, რომელიც საქართველოში, ტრადიციულად პოლიტიკურად მკვდარი სეზონია. ეს გრძელდება თებერვლის ჩათვლით. იმ შემთხვევაში თუ ნეგატიური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისადმი გაგრძელდება, ამას მოყვება საკადრო ცვლილებები უკვე მინისტრების დონეზე, რათა ეს დამოკიდებულება გადაიფაროს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ბოლოს განხორციელდა ცვლილებები მეორე ეშელონში, თუმცა ყველა ხელისუფლების დროს რაღაცის გადასაფარად ცვლილებები ხორციელდებოდა ხოლმე მინისტრების დონეზე.

"ის, რომ ქვეყანაში "ქართული ოცნებისადმი" უკმაყოფილება იზრდება, ფაქტია. როგორც ჩანს, საჭირო იყო "განტევების ვაცის" მოძებნა. სხვა ხელისუფლებების პირობებში ეს ვრცელდებოდა მინისტრების დონეზე, დღეს კი ეს განხორციელდა მეორე ეშელონში. შესაძლებელია, ეს ხალხი პირდაპირ უკავშირდებოდა პრემიერ-მინისტრს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ალბათ პრემიერისა და ყოფილი პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. ეს ცვლილებებიც უკავშირდება საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილების გადაფარვას", - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება პარტია "ქართულ ოცნებაში" განხორციელებულ ცვლილებებს, ძაბირაძის განცხადებით, ორ წელში არის არჩევნები და პარტიაში ყველა ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას. ძაბირაძე კონკრეტული ადამიანის ინტერესებს უკავშირებს ზვიად ჯანყარაშვილის პარტიიდან გაშვებასაც. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი.

"უფრო მეტად გამოჩნდა ივანიშვილი, მისი პოლიტიკური სილუეტი უკვე ჩანს სცენაზე. მისი რეაქციები გასაგებია, რადგან საზოგადოებაში ყველა მიიჩნევს, რომ ეს არის ივანიშვილის მთავრობა და წარმატებას თუ წარუმატებლობას უკავშირებენ სწორედ მას", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთან, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნებისთვის" უმჯობესია თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.

"ორი წელი არის დაკარგული, ამ ორი წლის განმავლობაში რაც განხორციელდა არის ხელისუფლების სრული ჩანაცვლება. იგივე სისტემაში და გარემოში ვცხოვრობთ, რაშიც ვცხოვრობდით, დარჩენილი ორი წელი კი ხელისუფლებას არ ეყოფა რეფორმების განსახორციელებლად, ამიტომ მისთვის უმჯობესია თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიემხრობა", - განაცხადა ძაბირაძემ.