ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კომიტეტის დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სხდომაზე სახალხო დიპლომატიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კომიტეტს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოების ინფორმირების მხრივ მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულ საკითხებზე ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ქორიძემ და ნატო-ს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ ისაუბრეს.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს ქართული მხარის ძალისხმევა ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით და მიესალმნენ ქართული მხარის მიერ წარდგენილ სამომავლო გეგმებს.

ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა დაადასტურეს.