საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი კვერენჩხილაძისთვის, ცესკო-ს ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების ჩაგდებასთან დაკავშირებით, მმართველი უმრავლესობის არგუმენტი "გაუგებარი და უცნაურია".
ლევან ტურაშვილისა და ზურაბ ხრიკიძის კანდიდატურებისთვის ხმის მიუცემლობის მიზეზად "ქართული ოცნების" წევრებმა მათზე ინფორმაციის უქონლობა დაასახელეს. გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით კი, კანდიდატებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ატვირთულია პარლამენტის ვებგვერდზე, მათთან შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა, სადაც ყველა ფრაქციას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს, კანდიდატებისგან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზეც არსებობდა და ასევე მზად იყვნენ, სურვილის შემთხევვაში, ყველა დაინტერესებულ კომიტეტს და ფრაქციას შეხვედროდნენ.
როგორც კვერენჩხილაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცესკო-ს წევრობის კანდიდატები ღია კონკურსით, პროფესიონალიზმის, მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ნიშნით შეირჩნენ.
"პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს წევრად წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა, რაც, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, გაუგებარია. პირველი – არ დასახელებულა არგუმენტი, მოტივი, მიზეზი, თუ რის გამო არ დაუჭირეს ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს მხარი. მით უმეტეს, რომ წარდგენილი კანდიდატები აკმაყოფილებენ როგორც კანონით განსაზღვრულ ფორმალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს, ასევე ისინი შერჩეულ იყვნენ არასამათვარობო ორგანიზაციებისგან შემდგარი საკონკურსო კომისიის მიერ, რაც ასევე საარჩევნო კოდექსის მოთხოვნაა და მათი შერჩევა პროფესიონალიზმის, მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით მოხდა. რაც შეეხება კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას, მინდა გითხრათ, რომ კვირაზე მეტია, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებული საკმაოდ დეტალური ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული. კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც წარმომადგენელი ყველა ფრაქციას ჰყავს. კანდიდატებთან შეხვედრა დეტალური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ მზად ვიყავით, ნებისმიერ ფრაქციასთან, ნებისმიერ კომიტეტთან შეხვედრისათვის. ამის მიუხედავად, გარდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა, სხვა კომიტეტების და ფრაქციების მხრიდან შეხვედრის სურვილი არ გამოთქმულა. გარდა ამისა, კანდიდატებთან დაკავშირებით მე პარლამენტს გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მოვახსენე, კანდიდატები სხდომაზე იმყოფებოდნენ და თუ რაიმე ინფორმაცია აინტერესებდათ, შეეძლოთ, მათთან ამ ინფორმაციის დაზუსტება. შესაბამისად, ცოტა უცნაურია ის არგუმენტი, რომ დეპუტატებს კანდიდატებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი კვერენჩხილაძემ.
პარლამენტმა გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ტურაშვილისა და ზურაბ ხრიკიძის კანდიდატურები ჩააგდო - ლევან ტურაშვილს კენჭისყრაზე მხოლოდ 37 დეპუტატმა მისცა ხმა, ერთი წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ზურაბ ხრიკაძეს, მან კენჭისყრაზე მხოლოდ 38 ხმა მიიღო. გამსვლელი 76 ხმა იყო.
სამ დღეში პარლამენტს ამავე კონკურსის ფარგლებში მონაწილე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინება და თუ ისინიც არ დამტკიცდა, ახალი კონკურსი გამოცხადდება.
ამასთან, პრეზიდენტმა ღია კონკურსი ცესკო-ს კიდევ სამ ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა.