ნიკოლაი სილაევი - საქართველოსთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდება რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლის საკითხს აჩენს

ნიკოლაი სილაევი - საქართველოსთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდება რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლის საკითხს აჩენს

აშშ-დან საქართველოში თანამედროვე იარაღის შესაძლო მიწოდებამ, შესაძლოა, რეგიონში ძალთა ბალანსსა და ქართული პოლიტიკური ელიტის განწყობაზე გავლენა იქონიოს, მაგრამ 2008 წლის სცენარის განმეორება ნაკლებ სავარაუდოა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს.

ამასთან, სააგენტოსთან საუბარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველო დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, კონკრეტულად კი, აშშ-სთან საქართველოსთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების შესახებ. მისი თქმით, ეს გარკევულ კითხვებს ბადებს და რაც მთავარია, იწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეშფოთებას.

რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიისა და რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის წარმომადგენლის ნიკოლაი სილაევის განცხადებით, საქართველოში თანამედროვე შეიარაღების მიწოდება აჩენს საკითხს რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლის შესახებ. მისი თქმით, განსაკუთრებული აქტუალურობა ამ საკითხმა შესაძლოა მაშინ მიიღოს, თუკი საქართველოსთვის მოხდება ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება, რის მიწოდებასაც ამერიკას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სთხოვდა.

"ძალთა ბალანსი შეიცვლება არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე შეტევის მნიშვნელობით, არამედ იმ კუთხით, თუ რა შესაძლებლობები ექნება რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის კუთხით", - განაცხადა რუსმა ექსპერტმა. მისი თქმით, მართალია, ამ შემთხვევაში საუბარია თავდაცვით სისტემებზე, მაგრამ ისინი მაინც ამაღლებს საერთო სამხედრო პოტენციალს. 

კიდევ ერთი რუსი ექსპერტის, საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტის წარმომადგენლის ალექსეი ფენენკოს განცხადებით, საქართველოსთვის აშშ-ს მიერ თანამედროვე შეიარაღების მიწოდებით რეგიონში ძალთა ბალანსი რადიკალურად არ შეიცვლება, თუმცა, ფსიქოლოგიური გავლენა ექნება. "შეუძლია ქართულ პოლიტიკურ ელიტაზე მოახდინოს ზემოქმედება და იყოს წამოძახილები: "ამერიკელები ჩვენთან არიან", "შეგვიძლია კიდევ ვცადოთ", რაც ყველაზე საშიში სცენარი იქნებოდა", - აღნიშნა ექსპერტმა. ის ამავდროულად, სკეპტიკურად აფასებს 2008 წლის სცენარის განმეორების შესაძლებლობას და ფიქრობს, რომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების გამოჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.