უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მოთხოვნის პასუხად - რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები არ იმყოფებიან. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
"პოროშენკოს განცხადება გაკვირვებას იწვევს და მოვითხოვთ განმარტებებს... რაც შეეხება სამხედროების გაყვანას, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში არ იმყოფებიან და არც არავინ არის გასაყვანი. რაც უკავშირდება საზღვრის დახურვის საკითხს, რომელიც პოროშენკომ შემოგვთავაზა, ეს საკითხი არასოდეს დამდგარა", - განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.
ავსტრალიაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთს ხელისუფლებას მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და ჩაკეტოს რუსეთ-უკრაინის საზღვარი.