საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც მის მიერ აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოდან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ კონტექსტში არსებულ საფრთხეებზე, რომლებიც კრემლის მიერ ინიცირებული და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან სოჭში, 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე.წ. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებიდან" მომდინარეობს.

"კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს უკანონო ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. უფრო მეტიც, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული საგანგაშო მოვლენების ფონზე, ამ დოკუმენტის ხელმოწერა ნათლად წარმოაჩენს რუსეთის მცდელობას, ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოების პროდასავლურ პოლიტიკას, მათ შორის ოკუპაციისა და ანექსიის გზით. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ის ქმედებები, რომლებიც რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ზოგიერთი მონაწილე შეეცადა მოლაპარაკებათა ჩაშლას ისეთი საკითხების განსახილველად გამოტანის გზით, რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო. საქართველოს მხარე აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღკვეთისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზე, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებაზე. I სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობისას, მონაწილეებმა საქართველოდან უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს რუსეთის 58-ე არმიის მიერ წარმოებულ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე შეტევითი ხასიათის შეიარაღება იქნა გამოყენებული. რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს არაერთი მოწოდების შემდეგ შეეწყვიტა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მონაწილეებმა საქართველოდან დაბეჯითებით მოუწოდეს თანათავმჯდომარეებს პროაქტიური მიდგომის განხორციელებისკენ, ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით. საქართველო ძალის გამოუყენებლობაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულების ერთგული რჩება, რასაც ადასტურებს ცალმხრივად აღებული არა ერთი ვალდებულება, რომლის საპასუხო ვალდებულების აღებაზე რუსეთი უარს აცხადებს. საქართველო სრულად და კეთილსინდისიერად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას - რასაც რუსეთის ფედერაცია გამუდმებით არღვევს. აღნიშნული რაუნდის ფარგლებში, მონაწილეებმა საქართველოდან კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღეს თანათავმჯდომარეთა მიერ ინიცირებული განცხადების შემუშავებაში, რომელიც ძალის გამოუყენებლობას შეეხება. თუმცა, მკაფიოდ აღინიშნა, რომ აღნიშნულმა განცხადებამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება არანაირად არ უნდა ჩაანაცვლოს. ამჟამად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უპრეცენდენტო მილიტარიზაციისა და ინტენსიურად მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფონზე, საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის სულ უფრო მკაფიოდ გამოხატული სიხისტის გათვალისწინებით და მისი ძალისხმევის ფონზე ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მეზობელ ქვეყნებს თავად გადაწყვიტონ ის, თუ რომელ ალიანსში გაერთიანდნენ, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გზით, მხოლოდ იურიდიული ძალის მქონე და ეფექტური საერთაშორისო მექანიზმები შეიძლება იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტია. მონაწილეებმა საქართველოდან თანათავმჯდომარეებს მოუწოდეს გააორმაგონ ძალისხმევა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისკენ იქნება მიმართული",- ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თანახმად, II სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგებზე (ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით) ისაუბრა.

მონაწილეებმა საქართველოდან გამოხატეს ღრმა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დისკრიმინაციული ქმედებებთან და ადგილობრივ მცხოვრებთა სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადაადგილების თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მოლაპარაკებათა მონაწილეებს, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისკენ, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა.

ამ კონტექსტში, მონაწილეები საქართველოდან მიესალმნენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წინადადებას ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის შესახებ.

საქართველოდან მონაწილეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს „იძულებით გადაადგილების სახელმძღვანელო პრინციპების" დაცვით დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს დარბაზი ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს. მონაწილეებს მკაცრად მოეთხოვა ყველა ღონე იხმარონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის შესახებ არსებითი მოლაპარაკებების უზრუნველყოფის მიზნით.

საგარეო უწყების ცნობით, კონსტრუქციული მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხზე ჩატარდა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების გახსნილობამ მონაწილეთა მუშაობის გაგრძელებას შეუწყო ხელი, რათა რეალური შედეგების მიღწევა იყოს უზრუნველყოფილი. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ანტონიო გუტიერეშთან, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, აზრთა გაცვლის შესაძლებლობა, რომელმაც მოუწოდა მონაწილეებს გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა არსებული ჰუმანიტარული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით. საქართველოდან მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის მონაწილეობა და მის მიერ შეტანილი წვლილი და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში",-ნათქვამია განცხადებაში.

10 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართა და ჩატარდა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილებ, მეორე სამუშაო ჯგუფში კი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობდნენ და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და აშშ-დან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. მონაწილეებმა ორი სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი 31-ე რაუნდი 2015 წლის 17-18 მარტს გაიმართება.